logo
ENG



"როგორც გრინჩმა მოიპარა შობა, ისე ჟვანიამ მოიპარეს არჩევნები" - საპროტესტო აქცია ცესკოსთან

07 ნოე 202020:50
3 წუთის საკითხავი
 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ცესკოს თავჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქცია იმართება.

აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

ევროპული საქართველოს წევრის სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლებას ახლა ორი არჩევანი აქვს, ან დანიშნოს ახალი არჩევნები, ან მიიღონ ერთპარტიული პარლამენტი და დიქტატურა:

"აქ ახალგაზრდებმა დადგეს გრინჩის მანეკენი იმის საჩვენებლად, რომ როგორც გრინჩმა მოიპარა შობა, ისე ივანიშვილმა და ჟვანიამ მოიპარეს არჩევნები. უნდა გაიგოს ხელისუფლებამ, რომ ეს ხალხი არ შეეგუება, რომ მათ გაუყალბეს არჩევნები და წაართვეს თავისუფალი არჩევნების უფლება.

ახლა მათ აქვთ არჩევანი ან ახალი არჩევნები დანიშნონ, ან მიიღონ ერთპარტიული პარლამენტი და დიქტატურა ამ ქვეყანაში. მეორე ვარიანტი არ არის კარგი ქვეყნისთვის, ამიტომ კარგად უნდა გაიგონ რას გააკეთებენ. ამ ხალხს ვერავინ ვერ გააჩერებს",-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებს - მათი შეფასებით, არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციური პარტიები ერთხმად პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ და 8 ნოემბერს "გრანდიოზულ" საპროტესტო აქციასაც აანონსებენ.

როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დარღვევების მასშტაბი გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე. 

ევროპული საქართველოს მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს იმ უბნების რიცხვი, სადაც ოქმები დაბალანსებული არ იყო, არის 1175. 2016 წელს ასეთი უბნების რაოდენობა იყო 967, 2012 წელს - 893. 

პარტიის ცნობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 210 000 ხმა გაკონტროლდა. 2016 წელს - 70 510; 2012 წელს - 70 400; 

ასევე, ევროპული საქართველოს ინფორმაციით, ზედმეტი ბიულეტენები ჩაყარეს 206 უბანზე. 2016 წელს ასეთი უბნების რაოდენობა იყო 49; 2012 წელს - 19; 

ამომრჩევლების რაოდენობა უბნებზე, სადაც ბიულეტენები ჩაყარეს - 2020 წელს 113 709; 2016 წელს - 28 418, 2012 წელს - 12 850; 

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი, ფაქტის დათვლით, 3 791-დან 930 უბნის ოქმში (26%) რიცხვები არასწორადაა დაჯამებული. მათივე აღმოჩენით, ამ ოქმებში ხმათა რაოდენობა, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი და არჩევნებზე მისულთა საერთო რაოდენობა ერთმანეთს ვერ ემთხვევა.

ამასთან, მათ იპოვეს შესწორების 93 ისეთი ოქმი, რომელიც მთავარ შემაჯამებელ ოქმს მაინც ვერ აბალანსებს. ასევე, 837 ოქმი, რომელშიც რიცხვები არ ჯამდება, შეუსწორებლად არის დატოვებული. 

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები (ISFED), რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED 1-ლ ნოემბერს აცხადებდა, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%. მათი თქმით, აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, რომელთა შემაჯამებელ ოქმებშიც დისბალანსი გამოვლინდა. 

მოგვიანებით, საჩივრების განხილვის ეტაპზე სამართლიანმა არჩევნებმა და TI-მ განაცხადეს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები მათ საჩივრებს განუხილველად ტოვებენ, ხოლო რასაც იხილავენ - არ აკმაყოფილებენ. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არჩევნებზე დაკვირვების და მონიტორინგის შედეგად, საოლქო კომისიებში 109 უბანთან მიმართებით წარადგინა საჩივარი. საია-ს განცხადებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა ან განუხილველი დარჩა 79 უბანთან დაკავშირებით. 

თავად ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ფორმულას ეთერში თქვა, რომ შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილ უზუსტობებს, სავსებით შესაძლებელია, გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. 


close დახურვა